вторник, 10 марта 2015 г.

მხატვრული კითხვა

    10 მარტს, სკოლაში მიმდინარე ქართულის კვირეულის ფარგლებში, ჩავატარეთ კოპნკურსი მხატვრულ კითხვაში. გვყავდა კომპეტენტური ჟიურიც: დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ჩოხელი და ქალბატონი ქეთევან ასანიძე. ჟიურის და სტუმრებს წარვუდგინეთ ოსკარ უაილდის "ვარსკვლავ-ბიჭუნა". მოსწავლეებისათვის საინტერესო გამოდგა მწერლის შემოქმედება. ყველა მათგანი ხალისით ჩაერთო მხატვრულ კითხვაში. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მკითხველებიც: პირველ ადგილზე ერთხმად დასახელდა თეიმურაზ დომუზაშვილი, მეორე და მესამე ადგილები გაიყვეს: გოგა გოცაძემ, საბა ვერულაშვილმა, ლაშა ვერულაშვილმა, ნატალია ნოზაძემ და ლუკა ხახაშვილმა. გამოვლინდა ჟიურის სიმპატიაც: გიორგი თავყელიშვილი, ანნა წიქარიშვილი და ლიზი ნანავა. მათ მიენიჭათ "საუკეთესო მკითხველის" წოდება. თუმცა ჟიურიმ სხვა მოსწავლეებიც არ დატოვა გულდაწყვეტილი, ყველას გადაეცა სერტიფიკატები მხატვრულ კითხვაში აქტიური მონაწილეობისათვის. ვფიქრობ ყველა მოსწავლე გამარჯვებულია ამ კონკურსში, რადგან ისინი ეზიარნენ ისეთი დიდი მწერლის შემოქმედებს როგორიც ოსკარ უაილდია.

понедельник, 2 марта 2015 г.

დედის დღე

    გადავწყვით ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა დედებისათვის, ამისათვის მოსწავლეებმა დაწერეს თავისუფალი თემები დედაზე და დაამზადეს ლამაზი მისალოცები. 2 მარტს მოვიწვიეთ დედები და ბებიები. თუმცა მათ იქ სურპრიზი დახვდათ,  უნდა გამოეცნოთ შევსებული კითხვარით თავიანთი შვილები. ამ დავალებას დედიკოებმა და ბებიკოებმა კარად გაართვეს თავი და კარგადაც ვიხალისეთ.  შემდეგ თემების კითხვის დრო დადგა, აქ კი ბევრ მათგანს თვალებზე ცრემლი მოადგა პატარების გულწრფელი სიტყვების მოსმენისას. ასე ლამაზად მივულოცეთ დედის დღე მშობლებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს და გისურვებთ თქვენი შვილების კარგ მომავალს!!!



   

среда, 25 февраля 2015 г.

ჩვენი დედამიწა

     გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ვირტუალური მოგზაურობა მოგვეწყო. ამჟამად ვიმოგზაურეთ ჩვენს პლანეტაზე - დედამიწაზე. მოსწავლეთა მეტი დაინტერესებისათვის და გაკვეთილში ჩართულობისთვის მათ შევთავაზე ვიქტორინის ფორმა.  მოსწავლეები ოთხ ჯგუფად იყვნენ გაყოფილები. მათ თავიანთ გუნდებს საქართველოს ულამაზესი მწვერვალების სახელები უწოდეს: "შხარა", "უშბა", "თეთნულდი" და "მყინვარწვერი".  ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კითხვებზე პასუხის გაცემაში, იდუმალ ყუთში ჩადებული საგნების გამოცნობაში, სიტუაციური ამოცანების გადაწყვეტაში, გამოცანების გამოცნობაში. გუნდების კაპიტნებმა ლუკა ხახაშვილმა, ლიზი ნანავამ, გოგა გოცაძემ და საბა ვერულაშვილმა წარმოგვიდგინეს საქართველოს მწვერვალებზე მოძიებული ძალიან საინტერესო ინფორმაციები. მათ პასუხებს აჯამებდა ჟიური: ქალბატონი ნანა ჩოხელი, მაია მჭედლიშვილი, ლელა ვარდანია. ასევე გვესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს და დამსწრეებს შევთავაზე სლაიდ-შოუ "ჩვენი დედამიწა" და ვიდეოფილმი.


пятница, 20 февраля 2015 г.

სადამრიგებლო საათი

     ჩემს სადამრიგებლო კლასში ყოველკვირეულად ვატარებ სადამრიგებლო საათს, სადაც მრავალ პრობლემაზე თუ თემაზე ვმსჯელობთ. 20 თებერვალს გავმართეთ დისკუსია თემაზე: "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია". მოსწავლეებს წარვუდგინე ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნი - ზღაპარი "მზე ყველას ეყოფა" და წავუკითხე ოსკარ უაილდის "ხარბი გოლიათი". მოსწავლეებმა  იმსჯელეს ამ ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლებზე, შეადარეს ერთმანეთს და გამოიტანეს დასკვნები. დისკუსიაზე გვესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ბატონი შოთა მალაზონია, დირექტორის მოადგილე ქალბატონო ნანა ჩოხელი, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. ვფიქრობ ასეთი დისკუსიები სასარგებლოა მოსწავლეთა პიროვნული და მორალური განვითარებისათვის.

ემილის თავგადასავალი

 

     19 თებერვალს თეატრის დღე გვქონდა. ვეწვიეთ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრს და დავესწარით სპექტაკლს "ემილის თავგადასავალი". მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ასტრდ ლინდგრენის მოთხრობის გაცოცხლებული პერსონაჟები.

четверг, 12 февраля 2015 г.

სულხან-საბას კვირეული

    ქართული ლიტერატურის კიდევ ერთი კლასიკოსის, სულხან-საბა ორბელიანის, ნაწარმოებების შესწავლა დავიწყეთ ამ სასწავლო წელს და გადავწყვიტეთ სულხან-საბას კვირეულიც ჩაგვეტარებინა. გავეცანით მწერლის ბიოგრაფიას და მის ნაწარმოებებს. ვისაუბრეთ მის მრავალმხრივ ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე. მოსწავლეთათვის განსაკუთრებით საინტერტესო აღმოჩნდა 10 თებერვალს ჩატარებული გაკვეთილი, სადაც მათ ვანახე სულხან-საბას იგავების მიხედვით შექმნილი ვიდეოფილმები: "ენით დაკოდილი", "უტკბესი და უმწარესი", "ძუნწი და ოქრო" და მულტიპლიკაციური ფილმი "სოფლის მაშენებლები".  მოსწავლეებმა იმსჯელეს და თავიანთი აზრი გამოთქვეს ამ ნაწარმოებებზე.
       ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ სულხან-საბას იგავ-არაკებზე, გადაცემა "ქვიშის სამყაროს" მიერ,  შექმნილი ვიდეოფილმები. დიდი მადლობა  ამ ვიდეოფილმების შემქმნელებს. ჩვენ მსგავს ვიდეოფილმებს ხშირად გამოვიყენებთ გაკვეთილზე.