14 მაისს, სპორტის პედაგოგმა დავით ჩახავამ და მე კლასის ხელმძღვანელმა მზია ხუსკივაძემ, ჩავატარეთ სპორტული შეჯიბრი "მხიარული თამაშები". კლასი გაყოფილი იყო ორ გუნდად ''ყოჩაღები" და "მარდები". მოსწავლეები და მათი მშობლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ასკინკილით სირბილში, რგოლით სირბილში, ბოულინგში, ბაგირის გაწევაში. ერთმანეთს შეეჯიბრნენ კაპიტნებიც ნატალია ნოზაძე და ლაშა ვერულაშვილი. მოსწავლეთა ძალები თანაბარი გამოდგა, თუმცა საბოლოო გამარჯვების ქულა "ყოჩაღებს" მშობლებმა მოუტანეს ბაგირის გაწევაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ბატონი შოთა მალაზონია და დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ჩოხელი. მათ ორივე გუნდი დააჯილდოვეს სიგელებით.
четверг, 14 мая 2015 г.
пятница, 8 мая 2015 г.
ზოოპარკში
8 მაისს, ვეწვიეთ თბილისის ზოოპარკში არსებულ სასწავლო-შემეცნებითი ცენტრს "მეტაზოა". ია მასწავლებელმა საინტერტესო ექსკურსია ჩაგვიტარა ზოოპარკის ტერიტორიაზე. გაგვაცნო პარკის მობინადრე ცხოველები, მოგვიყვა მათ ისტორიებს. საინტერტესო იყო ერთ გალიაში მცხოვრები ლომისა და პუდელის ნახვა და მათი ისტორიის მოსმენა. ასევე საინტერესო იყო ისტორია თუ როგორ მოიწყინა მარტორქა მარგომ და მას სახედრები შეუსახლეს. კიდევ ბევრი ცხოველი ვნახეთ და მოვისმინეთ მათი ისტორიები. დავათვალიერეთ ტერარიუმი. ვნახეთ ცენტრში გამოფენილი ცხოველთა ფიტულები. ბოლოს მოსწავლეებმა ითამაშეს შემეცნებითი თამაში "ჩვენ ცხოველები ვართ". ვფიქრობ, საინტერესო დღე გვქონდა.
пятница, 1 мая 2015 г.
ჰიგიენა და უსაფრთხოება
28 მარტს ჩავატარეთ კიდევ ერთი სახალისო გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობაში. გაკვეთილის თემა იყო "ჰიგიენა და უსაფრთხოება." მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პირადი ჰიგიენის, ვირუსული დაავადების პრევენციის, სხვადასხვა სიტუაციებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ცოდნაში. ამ თემებზე სასაუბროდ, გასულ კვირას, მოწვეული გვყავდა ოჯახის ექიმი ქალბატონი შორენა ბურჭულაძე.მისი სტუმრობა დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეებისათვის. ეს გამოჩნდა მოსწავლეთა პასუხებიდან. შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სიტუაციებში უსაფრთხოების წესების დაცვაზე. ჩავატარეთ თამაში - ვინ სწრაფად გაუწევს დახმარებას ხელნატკენ მეგობარს. მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება. არანაკლებ ხალისით ჩაერთვნენ თამაშში დედებიც, მათაც მოუწიათ სისწრაფის გამოჩენა ხელის შეხვევაში. თუმცა ჟიურის წევრებმა მხოლოდ სისწრაფე არ ჩათვალეს საკმარისად და შეხვევის ხარისხსაც მიაქციეს ყურადღება. ოთხივე ჯგუფმა გამოავლინა მასალის სრულყოფილი ცოდნა. გაკვეთილზე გვესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ჩოხელი, პედაგოგები ლია ბახუტაშვილი,იზი გურგენიძე და მოსწავლეთა მშობლები. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს გადავეცი საინფორმაციო ბუკლეტები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისათვის.
пятница, 3 апреля 2015 г.
რას მეჩურჩულებიან წვიმის წვეთები
ორშაბათი გათენდა. საწოლშივე გავიგე წვიმის ხმა. ადგომა გეზარება ადამიანს წვიმიან ამინდში, მაგრამ სკოლაში მოსწავლეები მელიან, ამიტომ საჩქაროდ ვდგები, ვემზადები და მივდივარ სკოლაში. კლასში საკმაოდ გაწუწული და მობუზული მოსწავლეები შემოდიან. პირველი გაკვეთილი ქართული გვაქვს და ასახნელი მაქვს ლექსი რომელიც წვიმას ეძღვნება. ამასობაში წვიმაში თოვლიც გამოერია, თუმცა მალევე გადაიღო და ისევ წვიმა მოდის. გამახსენდა ჩემი შვილის სიტყვები: ჩემს დათესილ კარტოფილს და ახლად გადარგულ მარწყვს წვიმა ძალიან მოუხდებაო. მართლაც მოუხდება ბაღ-ბოსტანს და მთა-ველს გაზაფხულის წვიმა. ჩვენ თბილ ოთახში ვართ, წვიმა არ გვასველებს და რატომ უნდა ვიყოთ ცუდ ხასიათზე? ხასიათი გამომისწორდა, ლექსიც წავიკითხეთ და მოსწავლეებს შევთავაზე თავისუფალი თემის დაწერა "რას მეჩურჩულებიან წვიმის წვეთები?" ასეთი განსხვავებული თავისუფალი თემა ჯერ არ დაუწერიათ, ამიტომაც დაიბნენ. თემუკამ გააპროტესტა"' წვიმის წვეთები არ საუბრობენ და ტყუილი დავწერო?" მე მას ახლახან შესწავლილი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები გავახსენე: " არც ია ლაპარაკობს, არც ხმელი წიფელი, არც წიფლისჩიტა, მაგრამ მწერალმა ისინი აალაპარაკა. მოდით ჩვენთ გავხდეთ პატარა მწერლები და ავალაპარაკოთ წვიმის წვეთები". ამ წინადადებამ სითამამე შემატა მათ. გაიხსენეს რისთვის არის სასარგებლო წვიმა და მეორე დღეს ასეთი მშვენიერი თემები წაგვიკითხეს. ყველაზე გახარებული თემუკა იყო:"იცით, მე ნამდვილი მოთხრობა დავწერე!" და ერთი სული ჰქონდა როდის წაგვიკითხავდა თავის ნაშრომს. ყველას უნდოდა თავისი ნაშრომის წაკითხვა. აი, ასე დავწერეთ ჩვენი პირველი "სერიოზული" თავისუფალი თემა. იმედია მოგეწონებათ. მე ყველა თემა მომეწონა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)