пятница, 3 апреля 2015 г.

რას მეჩურჩულებიან წვიმის წვეთები

     ორშაბათი გათენდა. საწოლშივე გავიგე წვიმის ხმა. ადგომა გეზარება ადამიანს წვიმიან ამინდში, მაგრამ სკოლაში მოსწავლეები მელიან, ამიტომ საჩქაროდ ვდგები, ვემზადები და მივდივარ სკოლაში. კლასში საკმაოდ გაწუწული და მობუზული მოსწავლეები შემოდიან. პირველი გაკვეთილი ქართული გვაქვს და ასახნელი მაქვს ლექსი რომელიც წვიმას ეძღვნება. ამასობაში წვიმაში თოვლიც გამოერია, თუმცა მალევე გადაიღო და ისევ წვიმა მოდის. გამახსენდა ჩემი შვილის სიტყვები: ჩემს დათესილ კარტოფილს და ახლად გადარგულ მარწყვს წვიმა ძალიან მოუხდებაო. მართლაც მოუხდება ბაღ-ბოსტანს და მთა-ველს გაზაფხულის წვიმა. ჩვენ თბილ ოთახში ვართ, წვიმა არ გვასველებს და რატომ უნდა ვიყოთ ცუდ ხასიათზე? ხასიათი გამომისწორდა, ლექსიც წავიკითხეთ და მოსწავლეებს შევთავაზე თავისუფალი თემის დაწერა "რას მეჩურჩულებიან წვიმის წვეთები?" ასეთი განსხვავებული თავისუფალი თემა ჯერ არ დაუწერიათ, ამიტომაც დაიბნენ. თემუკამ გააპროტესტა"' წვიმის წვეთები არ საუბრობენ და ტყუილი დავწერო?" მე მას ახლახან შესწავლილი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები გავახსენე: " არც ია ლაპარაკობს, არც ხმელი წიფელი, არც წიფლისჩიტა, მაგრამ მწერალმა ისინი აალაპარაკა. მოდით ჩვენთ გავხდეთ პატარა მწერლები და ავალაპარაკოთ წვიმის წვეთები". ამ წინადადებამ სითამამე შემატა მათ. გაიხსენეს რისთვის არის სასარგებლო წვიმა და მეორე დღეს ასეთი მშვენიერი თემები წაგვიკითხეს. ყველაზე გახარებული თემუკა იყო:"იცით, მე ნამდვილი მოთხრობა დავწერე!" და ერთი სული ჰქონდა როდის წაგვიკითხავდა თავის ნაშრომს. ყველას უნდოდა თავისი ნაშრომის წაკითხვა. აი, ასე დავწერეთ ჩვენი პირველი "სერიოზული" თავისუფალი თემა. იმედია მოგეწონებათ. მე ყველა თემა მომეწონა.



понедельник, 30 марта 2015 г.

ვაჟა-ფშაველას კვირეული

      კიდევ ერთი დიდი ქართველი მწერლის, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების შესწავლა დავიწყეთ. კვირეულში ინტერესით ჩაერთო მთელი კლასი. გავეცანით ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიას, საინტერესო ფაქტებს მისი ბიოგრაფიიდან, საპროგრამო მასალის გარდა წავიკითხეთ მოთხრობები: "ია", "ხმელი წიფელი", "შვლის ნუკრის ნაამბობი", ვნახეთ მულტფილმი  "ჩხიკვთა ქორწილი", მივისმინეთ მხატვრული კითხვის დიდოსტატების მიერ წაკითხული ვაჟას ლექსები, ვაჟას ლექსებზე შექმნილი სიმღერები, ვნახეთ დოკუმენტური ფილმი მწერლის შესახებ. ამის შემდეგ მოსწავლეებმა დაასურათეს წაკითხული ნაწარმოებები და დაწერეს თავიანთი შთაბეჭდილებები. შემაჯამებელ გაკვეთილზე მოვიწვიეთ მშობლები, მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები და წაიკითხეს ვაჟას ლექსები.





вторник, 10 марта 2015 г.

მხატვრული კითხვა

    10 მარტს, სკოლაში მიმდინარე ქართულის კვირეულის ფარგლებში, ჩავატარეთ კოპნკურსი მხატვრულ კითხვაში. გვყავდა კომპეტენტური ჟიურიც: დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ჩოხელი და ქალბატონი ქეთევან ასანიძე. ჟიურის და სტუმრებს წარვუდგინეთ ოსკარ უაილდის "ვარსკვლავ-ბიჭუნა". მოსწავლეებისათვის საინტერესო გამოდგა მწერლის შემოქმედება. ყველა მათგანი ხალისით ჩაერთო მხატვრულ კითხვაში. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მკითხველებიც: პირველ ადგილზე ერთხმად დასახელდა თეიმურაზ დომუზაშვილი, მეორე და მესამე ადგილები გაიყვეს: გოგა გოცაძემ, საბა ვერულაშვილმა, ლაშა ვერულაშვილმა, ნატალია ნოზაძემ და ლუკა ხახაშვილმა. გამოვლინდა ჟიურის სიმპატიაც: გიორგი თავყელიშვილი, ანნა წიქარიშვილი და ლიზი ნანავა. მათ მიენიჭათ "საუკეთესო მკითხველის" წოდება. თუმცა ჟიურიმ სხვა მოსწავლეებიც არ დატოვა გულდაწყვეტილი, ყველას გადაეცა სერტიფიკატები მხატვრულ კითხვაში აქტიური მონაწილეობისათვის. ვფიქრობ ყველა მოსწავლე გამარჯვებულია ამ კონკურსში, რადგან ისინი ეზიარნენ ისეთი დიდი მწერლის შემოქმედებს როგორიც ოსკარ უაილდია.

понедельник, 2 марта 2015 г.

დედის დღე

    გადავწყვით ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა დედებისათვის, ამისათვის მოსწავლეებმა დაწერეს თავისუფალი თემები დედაზე და დაამზადეს ლამაზი მისალოცები. 2 მარტს მოვიწვიეთ დედები და ბებიები. თუმცა მათ იქ სურპრიზი დახვდათ,  უნდა გამოეცნოთ შევსებული კითხვარით თავიანთი შვილები. ამ დავალებას დედიკოებმა და ბებიკოებმა კარად გაართვეს თავი და კარგადაც ვიხალისეთ.  შემდეგ თემების კითხვის დრო დადგა, აქ კი ბევრ მათგანს თვალებზე ცრემლი მოადგა პატარების გულწრფელი სიტყვების მოსმენისას. ასე ლამაზად მივულოცეთ დედის დღე მშობლებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს და გისურვებთ თქვენი შვილების კარგ მომავალს!!!



   

среда, 25 февраля 2015 г.

ჩვენი დედამიწა

     გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ვირტუალური მოგზაურობა მოგვეწყო. ამჟამად ვიმოგზაურეთ ჩვენს პლანეტაზე - დედამიწაზე. მოსწავლეთა მეტი დაინტერესებისათვის და გაკვეთილში ჩართულობისთვის მათ შევთავაზე ვიქტორინის ფორმა.  მოსწავლეები ოთხ ჯგუფად იყვნენ გაყოფილები. მათ თავიანთ გუნდებს საქართველოს ულამაზესი მწვერვალების სახელები უწოდეს: "შხარა", "უშბა", "თეთნულდი" და "მყინვარწვერი".  ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კითხვებზე პასუხის გაცემაში, იდუმალ ყუთში ჩადებული საგნების გამოცნობაში, სიტუაციური ამოცანების გადაწყვეტაში, გამოცანების გამოცნობაში. გუნდების კაპიტნებმა ლუკა ხახაშვილმა, ლიზი ნანავამ, გოგა გოცაძემ და საბა ვერულაშვილმა წარმოგვიდგინეს საქართველოს მწვერვალებზე მოძიებული ძალიან საინტერესო ინფორმაციები. მათ პასუხებს აჯამებდა ჟიური: ქალბატონი ნანა ჩოხელი, მაია მჭედლიშვილი, ლელა ვარდანია. ასევე გვესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს და დამსწრეებს შევთავაზე სლაიდ-შოუ "ჩვენი დედამიწა" და ვიდეოფილმი.