суббота, 27 декабря 2014 г.

ყველაზე მხიარული დღესასწაული

     დეკემბრის თვეში ვმუშაობდით პროექტზე ,,ყველაზე მხიარული დღესასწაული''. რა თქმა უნდა პროექტი ეძღვნებოდა ახალ წელს.პროექტს ვხელმძღვანელობდით მე და ინგლისურის მასწავლებელი დიანა მათიაშვილი. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცვნენ სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციებს, საშობაო საგალობლებს, ვნახეთ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,კუჩხი ბედინერი".
      25 დეკემბერს შედგა პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაცია წარიმართა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად შეასრულეს სიმღერები. საშობაო სიმღერები შეგვისრულეს ჩვენმა სტუმრებმაც ანსამბლ ''მართვეს" სოლისტებმა. პრეზენტაციაზე გვესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები  და მშობლები. გავაწყვეთ საახალწლო მაგიდა ტკბილეულით. მაგიდას ამშვენებდა ჩვენი მშობლის ნინო ადამაშვილის გამომცხვარი ბასილა. დასასრულს მოსწავლეებს და სტუმრებს გავუმასპინძლდით ტკბილეულით.












четверг, 27 ноября 2014 г.

ვსაუბრობთ ილიაზე


     გადავწყვიტეთ კიდევ ერთი კვირეულის ჩატარება და ეს კვირეული მივუძღვენით ილია ჭავჭავაძეს. გავეცანით ილიას ბიოგრაფიას, საპროგრამო მასალის გარდა წავიკითხეთ მოგონებები დიდ მწერალზე, მისი ლექსები და ბრძნული გამონათქვამები. ვნახეთ მხატვრული ფილმი ,,კაცია-ადამიანი?!" ვიყავით თბილისში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. 26 ნოემბერს კი ჩავატარეთ შემაჯამებელი გაკვეთილი - ,,ვსაუბრობთ ილიაზე", სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ილიას ღვაწლზე და თავიანთ შთაბეჭდილებებზე. გაკვეთილს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლებიც. დაგეგმილი გვაქვს საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმის მონახულება.




четверг, 13 ноября 2014 г.

მოგზაურობა კოსმოსში

     22 ოქტომბერს ჩავატარეთ კიდევ ერთი ინტეგრირებული გაკვეთილი (ინტერაქტიული თამაშებით)  ,,ვირტუალური მოგზაურობა კოსმოსში''. ამ მოგზაურობის დროს მოსწავლეებს ბევრი სხვადასხვა დავალების შესრულება მოუწიათ, რაშიც ბუნებისმცოდნეობისა და ქართულის გაკვეთილებზე შესწავლილი მასალები დაეხმარათ. კოსმოსში მოგზაურობისას გაიცნეს უცხოპლანეტელი. ზემოდან გადმოხედეს დედამიწას, მიუახლოვდნენ მზეს, ხომალდი დასვეს მთვარეზე და დაათვალიერეს მთვარის ზედაპირი, ბოლოს მშვიდობიანად დაბრუნდნენ დედამიწაზე. გაკვეთილზე გვესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ბატონი შოთა მალაზონია, პედაგოგები: თამარ ყაჭეიშვილი, მაია თორდინავა, ნელი ნადირაშვილი, ნუნუ კარიაული, მაია მჭედლიშვილი, ნინო ფირცხალაიშვილი, ლია ბახუტაშვილი, ირმა ყიფიანი, მაია ბაღაშვილი, ქეთევან ასანიძე, იზო გურგენიძე...
     23 ოქტომბერს მშობლებთან ერთად გავაგრძელეთ კოსმოსში მოგზაურობა, ჩვენთან ერთად იყო ჩვენი ინგლისურის პედაგოგი დიანა მათიაშვილი. მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა დავალებებს მათი მშობლებიც ასრულებდნენ. გაკვთილის ბოლოს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და მიენიჭათ ,,ნორჩი კოსმონავტის" წოდება.

среда, 8 октября 2014 г.

აკაკის კვირეული

     უკვე მესამეკლასელები ვართ. არდადეგების შემდეგ ახალი ენერგიით დავბრუნდით სკოლაში და ჩვენი პირველი ღონისძიებაც დავგეგმეთ - აკაკი წერეთლის კვირეული. შევისწავლეთ ნაწყვეტები აკაკის ,,ჩემი თავგადასავალიდან", აკაკის ლექსები, გამოცანები, მოგონებები მწერლის შესახებ, სიმღერა ,,ჩონგური". ვნახეთ ფილმი ,,აკაკის აკვანი", გამოვუშვით კედლის გაზეთი ,,აკაკის გამოცანები". 6 ოქტომბერს ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი ,,საქართველოს ბულბული". გაკვეთილზე მოვისმინეთ აკაკის ხმა და მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.  გაკვეთილზე გვესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ბატონი შოთა მალაზონია, დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნანა ლომთათიძე, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.